აი, რა უნდა ვიცოდეთ გადადების შესახებ:
წარსულში, როდესაც საჭადრაკო პარტიები ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, გადადება თამაშის შეჩერებას და მის მეორე დღეს გაგრძელებას გულისხმობდა.
თუ პარტია ხუთ-ექვს საათში არ დასრულდებოდა, მოჭადრაკეებს მისი დროებით შეწყვეტა შეეძლოთ. მათ უფლება ჰქონდათ დაესვენათ, ძალები აღედგინათ და შეხვედრა მომდევნო დღეს გაეგრძელებინათ. ხარისხიანი პარტიების სათამაშოდ კარგი კვება და გამოძინება ჭადრაკის გენიოსებსაც კი სჭირდებოდათ!
როდესაც პარტიის გადადების წესი მოქმედებდა, მოჭადრაკე, თამაშის შეჩერებამდე, საიდუმლო სვლას აკეთებდა. საიდუმლო სვლა, რომელიც ამ მოთამაშის გარდა არავის არ უნდა სცოდნოდა, ფურცელზე იწერებოდა, კონვერტში იდებოდა და ილუქებოდა. მომდევნო დღეს, პარტიის განახლებისას მსაჯი კონვერტს ხსნიდა და სვლას აცხადებდა. წარმოუდგენელია, არა?
საიდუმლო სვლის შენახვის შემდეგ ორივე მოთამაშე დასასვენებლად მიდიოდა. თითოეულ მათგანს დამხმარე გუნდი ჰყავდა. ამ გუნდის წევრებს სეკუნდანტები ერქვათ. სეკუნდანტები მოჭადრაკეებს პარტიის გაანალიზებაში ეხმარებოდნენ და ურჩევდნენ თუ როგორ გაეგრძელებინათ თამაში.
მოდით ვნახოთ იმ დროინდელი პოზიცია, როდესაც პარტიის გადადება ნებადართული იყო. 1972 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ბოლო შეხვედრაში დიდოსტატები ბორის სპასკი და ბობი ფიშერი მე-40 სვლის შემდეგ ზემოთ მოცემულ პოზიციამდე მივიდნენ. სპასკიმ საიდუმლო სვლა - კd7 დალუქა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებული იყო მომდევნო დღეს თამაში ამ სვლით გაეგრძელებინა.
სეკუნდანტებთან ერთად პარტიის გაანალიზების შემდეგ დიდოსტატი მიხვდა, რომ მისი საიდუმლო სვლა წამგებიანი იყო. კd7-ის ნაცვლად მფh3 უნდა დაელუქა და შესაძლოა ყაიმისთვის მიეღწია. მომდევნო დღეს სპასკი ფიშერს თამაშის გაგრძელებამდე დანებდა.
გადადების წესის არსებობა იმიტომ იყო საჭირო, რომ წარსულში კლასიკური პარტიები ბევრად უფრო დიდხანს გრძელდებოდა, ვიდრე ახლა. ხუთი საათის განმავლობაში თამაში ორივე მოჭადრაკეს ძალას აცლიდა. შესაბამისად, დასვენების გარეშე შეხვედრის გაგრძელება წარმოუდგენელი იყო.
დასვენების შემდეგ მოჭადრაკეები შეხვედრას განახლებული ენერგიით აგრძელებდნენ და თამაშის ხარისხის შენარჩუნებაც ხერხდებოდა.
პარტიის გადადების შემთხვევები საჭადრაკო ტურნირებში უკვე აღარ გვხვდება. ახლა, კლასიკურ შეხვედრებშიც კი, უფრო სწრაფი დროის კონტროლია დაწესებული, რაც თამაშის უსასრულოდ გაგრძელების შანსს გამორიცხავს.
ჩვენს დროში პარტიის გადადება გამართლებული არ იქნებოდა. ახლა კომპიუტერები ნებისმიერ ადამიანზე უფრო ძლიერად თამაშობენ. დასვენების საშუალება რომ ჰქონდეთ, მოჭადრაკეები პოზიციას პროგრამაში გაარჩევდნენ და პარტიას კომპიუტერის მიერ შემოთავაზებული ხაზით გააგრძელებდნენ.
გგონია, რომ ეს არ არის საკმარისი მიზეზი პარტიის გადადების წესის გასაუქმებლად? მაშინ ბოტების გვერდზე გადადი და ChessKid-ის ბოტის დამარცხება სცადე!
შენ უკვე იცი თუ რას ნიშნავს პარტიის გადადება, რატომ იყო საჭირო ამ წესის არსებობა წარსულში და რატომ აღარ მოქმედებს ის დღეს. ახლა სათამაშო გვერდზე გადადი და ითამაშე პარტიები რეალურ დროში ბავშვებთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან!