ჭადრაკის ისტორია

იცოდით, რომ ჭადრაკი ასაკით თქვენს ბებია-ბაბუაზე დიდია? უფრო სწორად, ბევრად დიდი! ჭადრაკის პირველი ვერსია 2000 წელზე მეტს ითვლის. ეს არის ისტორიაში უძველესი სამაგიდო თამაში, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აი, ჭადრაკის ისტორიის მოკლე მიმოხილვა:


ჩატურანგა, ჭადრაკის საწყისები

რთულია იმის ზუსტად თქმა თუ ვინ და როდის შექმნა ჭადრაკი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ის ჩინეთში დაიბადა, თუმცა ისტორიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჭადრაკი 1500 წლის წინ სპარსელებმა გამოიგონეს. ამასთანავე, ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება, რომ სპარსული თამაში კიდევ უფრო ძველი ინდური თამაშის - ჩატურანგას ახლებური ვერსია იყო. ჩატურანგა, თავის მხრივ, 2400 წელზე მეტს ითვლის!

History of chess: Persians playing chess.

მე-14 საუკუნით დათარიღებული მანუსკრიპტი, რომელზეც ასახულია თუ როგორ ჩაიტანა ინდოელმა ელჩმა ჭადრაკი სპარსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჰგავს ჩვენს საყვარელ ჭადრაკს, ჩატურანგას რამდენიმე განსხვავებული წესი ჰქონდა. მასში არ არსებობდა როქი, პატი ყაიმად არ ითვლებოდა, ლაზიერში გასვლა სხვაგვარად ხდებოდა, გავლით აყვანა არ შეიძლებოდა და პაიკები საწყისი პოზიციიდან ორ უჯრაზე ვერ მიდიოდნენ.

ჩატურანგას კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ მისი ფიგურები ბევრად განსხვავდებოდა ახლანდელი ჭადრაკის ფიგურებისგან, რომელთაც ასე მიჩვეულები ვართ!

History of chess: Hindu gods playing chess.

 ინდუისტური ღვთაებები - კრიშნა და რადჰა ჩატურანგას თამაშობენ.

პაიკებს მაშინ ქვეით მებრძოლებს ეძახდნენ. ლაზიერი მინისტრად ითვლებოდა და ერთ სვლაზე მხოლოდ ერთ დიაგონალურ უჯრაზე გადაადგილება შეეძლო. ეტლი იგივენაირად მოძრაობდა როგორც ახლა, მაგრამ მისი სახელი ფაეტონი იყო. და ბოლოს, კუს სპილო ერქვა და ფიგურებზე გადახტომა გამოსდიოდა, თუმცა მხოლოდ ორ დიაგონალურ უჯრაზე გადაადგილების უფლება ეძლეოდა.

როგორ გავრცელდა ჭადრაკი მსოფლიოში?

მას შემდეგ, რაც ჩატურანგა მთელ ინდოეთში გავრცელდა, ის სპარსელებმაც აითვისეს და ფორმა უცვალეს. შემდეგ არაბებმა აიტაცეს და შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გაავრცელეს. მოგვიანებით, მავრებმა თამაში სამხრეთ ევროპაში ჩაიტანეს.  

History of chess: Templar knights playing chess.

1283 წლის ილუსტრაცია. ტამპლიერები ჭადრაკს თამაშობენ.

ჭადრაკმა ევროპაში შუა საუკუნეებში ჩააღწია. წლების მანძილზე თამაშმა უამრავი ცვლილება განიცადა, რათა იმ დროინდელ მაღალ საზოგადოებას მორგებოდა. მინისტრი დედოფლად (ანუ ლაზიერად) გადაიქცა, სპილო - ეპისკოპოსად (თუმცა ქართულად კუს ვეძახით), ფაეტონი კი - ეტლად. 

History of chess: book illustration.

1474 წლის ილუსტრაცია, რომელიც ინგლისურ საჭადრაკო წიგნში აღმოაჩინეს.

ისტორიკოსების ცნობით თანამედროვე ჭადრაკის შესაბამისი თამაში მხოლოდ 1475-1485 წლებში გამოჩნდა იტალიაში, ესპანეთსა თუ საფრანგეთში. ლაზიერმა და კუმ მეტი ძალაუფლება სწორედ ამ პერიოდიდან შეიძინეს და თანამედროვე წესების შესაბამისად მოძრაობა დაიწყეს. 

ბოლოთქმა

გავიგეთ თუ როგორ დაიბადა ჩვენი საყვარელი ჭადრაკი და როგორ მოაღწია მან თანამედროვეობამდე. ახლა თამაშის გვერდზე გადადი, გამოიწვიე ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ისიამოვნე ამ შესანიშნავი თამაშით!

 

ვიდეო ჭადრაკის ისტორიაზე