ლაზიერში გასვლა

წარმოიდგინე პაიკის ლაზიერში გაცვლა რომ შეგეძლოს. რატომაც არა? არსებობს შესანიშნავი სვლა, რომელიც ამ ოცნებას ნამდვილ შესაძლებლობად აქცევს.

რას ნიშნავს ლაზიერში გასვლა?

გსმენია ფრაზა "ლაზიერში გასვლა"? ფიქრობ, მისი მნიშვნელობა რთული გასაგებია? სულაც არა. შინაარსი მარტივია. მთავარი ისაა, რომ ჭადრაკის სწავლის დროს ამ შესანიშნავ იდეას კარგად ჩავეჭიდოთ. დამწყები მოჭადრაკეები ხშირად გაოცებულები რჩებიან იმ ფაქტით, რომ პაიკს ძლევამოსილ ფიგურად გადაქცევა შეუძლია და ამისთვის მხოლოდ საჭადრაკო დაფის მეორე ბოლოში მისვლა სჭირდება.

ლაზიერში გასვლა ერთგვარი საჩუქარია წარმატებულ ენდშპილში. თუკი პაიკი ყველაზე შორეულ წერტილამდე ისე მიგყავს, რომ მოწინააღმდეგე მის აყვანას ვერ ახერხებს, ჯილდოს ნამდვილად იმსახურებ. ასეთ დროს პაიკი დაფას ტოვებს და მის ადგილს დედოფალი იკავებს. ამას ლაზიერის გაცოცხლებას ვეძახით.

რამდენი ლაზიერი შეიძლება ჰყავდეს მოთამაშეს?

ლაზიერში გასვლა ყველა პაიკს შეუძლია (თუმცა ასეთი რამ წარმოუდგენელია). დავუშვათ, რვავე პაიკმა ბოლო ჰორიზონტალს მიაღწია და ლაზიერში გავიდა. თუ ამ დროს მთავარი დედოფალიც ცოცხალია, მოჭადრაკეს 9 ლაზიერი ეყოლება, ორივე მოთამაშის შესაძლებლობების გაერთიანების შემთხვევაში კი, დაფაზე 18 ლაზიერის არსებობაა დასაშვები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა. რეალობაში ამის მოლოდინი ნუ გვექნება. 

Pawn Promotion Chess

სხვა ფიგურის გაცოცხლება

პაიკს შეუძლია არა ლაზიერად, არამედ რომელიმე სხვა ფიგურად გადაიქცეს. მოთამაშეს უფლება აქვს ეტლიკუ ან მხედარი გააცოცხლოს. ბუნებრივია, მოჭადრაკეებს პაიკი თითქმის ყოველთვის ლაზიერში გაჰყავთ, თუმცა ხანდახან შამათის ჩასასმელად, პატის თავიდან ასარიდებლად ან ტემპის მოსაპოვებლად თამაშში სხვა ფიგურის შემოყვანა უფრო მოსახერხებელია.

Pawn promotion underpromotion chess

მიუხედავად იმისა, რომ ლაზიერი ყველაზე ძლიერია და მისი გაცოცხლების ცდუნება დიდია, პაიკის გაყვანისას ყოველთვის იმაზე უნდა იფიქრო, თუ რომელი ფიგურა გჭირდება ყველაზე მეტად მოცემულ პოზიციაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ლაზიერში გასვლა?

ლაზიერში გასვლა თანაბარ პოზიციას მომგებიანად აქცევს. ენდშპილში გამსვლელი პაიკის ყოლაც კი, მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

Pawn Promotion Chess

ლაზიერში გასვლის ნოტაცია

პარტიის ჩაწერის დროს აუცილებელია ვიცოდეთ ფიდეს ოფიციალური წესები სვლების ნოტაციის, მათ შორის ლაზიერში გასვლის აღნიშვნის შესახებ. ლაზიერში გასვლის ჩანაწერი იწყება იმ უჯრის მითითებით, რომელზეც პაიკი მიდის, მაგალითად, c8-ით. (ხომ იცი როგორ აღინიშნება კვადრატები ჭადრაკის დაფაზე? თუ არა, გაიგე აქ.)

შემდეგ ვუთითებთ იმ ფიგურას, რომელსაც ვაცოცხლებთ. თუ პაიკი გადის ლაზიერში c ვერტიკალის მერვე უჯრაზე, სვლა ჩაიწერება შემდეგნაირად: c8ლ. თუ ამავე კვადრატზე სხვა ფიგურას, დავუშვათ, კუს ვაცოცხლებთ, დავწერთ ასე: c8კ. ანუ ფორმატი იგივე რჩება, იცვლება მხოლოდ ფიგურის ინიციალი. 

თუ გამსვლელი პაიკი მეშვიდე ჰორიზონტალიდან მერვეზე გადასვლისას ფიგურას კლავს, ვიყენებთ აყვანის ჩაწერის წესს და ვამატებთ გაცოცხლებული ფიგურის ინიციალს. მაგალითად, როცა d7-პაიკს აჰყავს e8-კუ და გადის ლაზიერში, ნოტაცია ასე გამოიყურება: dxeლ.

ზოგჯერ, ლაზიერში გასვლის ჩასაწერად ტოლობის ნიშანი ან ფრჩხილები გამოიყენება. აი, ასე: c8=ლ ან c8(ლ). ნოტაციის ამგვარი წესი ფიდეს მიერ აღიარებული არ არის.

გამოცადე შენი უნარები

დროა გამოვცადოთ შენი უნარები და ვნახოთ რა გაიგე ლაზიერში გასვლის შესახებ! დააკვირდი პოზიციას და იპოვე საუკეთესო სვლა. 

დიახ, g8=მ# მომგებიანი სვლაა. ახლა მეორე თავსატეხს უნდა შეეჭიდო. ეს უფრო რთულია, რადგან მეტი გათვლაა საჭირო. თეთრებს ლაზიერი აკლიათ. შეგიძლია გაითამაშო კომბინაცია შავების დასაშამათებლად და პარტიის მოსაგებად?
 

ბოლოთქმა

ენდშპილში ზედმეტი ლაზიერის ყოლაზე რა აზრის ხარ? ეს შესაძლებლობა აუცილებლად მოგეცემა, თუკი იზრუნებ იმაზე, რომ შენმა პაიკმა საწყისი პოზიციიდან ვერტიკალის ბოლო უჯრამდე უსაფრთხოდ მიაღწიოს. 

ლაზიერში გასვლა უმნიშვნელოვანესი სვლაა, რადგან მას ახალი მუქარების შექმნა და შედეგის შეცვლა შეუძლია. როცა საჭირო მომენტი დადგება, პაიკის გასაყვანად მზად უნდა იყო.

 

ვიდეო ლაზიერში გასვლაზე