საერთაშორისო ოსტატი (IM)

საერთაშორისო ოსტატის წოდება ერთ-ერთია იმ ტიტულებიდან, რომელიც მოჭადრაკემ შეიძლება მოიპოვოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ წოდებას რანგით მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა და დიდოსტატობა აღემატება. აი, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული ტიტულის შესახებ:

Abhimanyu Mishra holds the record for the youngest international master in history
აბჰიმანიუ მიშრამ წოდება 2019 წელს მოიპოვა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო ოსტატი გახდა. 

ვინ არის საერთაშორისო ოსტატი?

საერთაშორისო ოსტატები ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები არიან. მათ ტიტულის მოსაპოვებლად საკუთარი ძალების გამოცდა ურთულეს ტურნირებში უწევთ. მათი რეიტინგი კლასიკურ ჭადრაკში ძირითადად 2400-2500 პუნქტს შეადგენს (დიდოსტატებს კიდევ უფრო მაღალი რეიტინგები აქვთ). საერთაშორისო ოსტატებს, როგორც წესი, ტიტულის გაუმჯობესება და დიდოსტატობის მიღწევა სურთ, ამიტომ ისინი მუდმივად მონაწილეობენ მაღალი დონის ტურნირებში. (იმის გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს რეიტინგ-სისტემა ჭადრაკში, გაეცანით ტერმინს - “ელო რეიტინგი”).

ვინ გვანიჭებს საერთაშორისო ოსტატის წოდებას?

საერთაშორისო ოსტატის ტიტულის მინიჭება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - ფიდეს კომპეტენციაა. წოდებას ის მოჭადრაკეები იღებენ, რომლებიც კლასიკურ ჭადრაკში 2400 რეიტინგ-პუნქტამდე ადიან და საერთაშორისო ოსტატის სამ ნორმას ასრულებენ (ნორმების შესრულების სისტემა მომდევნო სექციაშია ახსნილი). მინიჭებული ტიტული სამუდამოა. საერთაშორისო ოსტატის ტიტული პირველად 1950 წელს გაიცა. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ წოდებას 3, 700-ზე მეტი მოჭადრაკე ატარებს.    

Carissa Yip
კარისა იპმა საერთაშორისო ოსტატობიდან დიდოსტატობამდე მიაღწია. ფოტო: კრისტალ ფულერი / სენტ ლუისის საჭადრაკო კლუბი.

როგორ მოვიპოვოთ საერთაშორისო ოსტატობა?

საერთაშორისო ოსტატის წოდების მოპოვება მარტივი არ არის. ამისათვის რეიტინგ-ტურნირებში თამაში და ძალიან კარგი შედეგის ჩვენებაა საჭირო. მოჭადრაკემ უნდა შეასრულოს სამი ნორმა და მიაღწიოს 2400-პუნქტიან რეიტინგს. ტერმინი "ნორმა" გულისხმობს მაღალ მაჩვენებელს ძლიერ ტურნირებში. საერთაშორისო ოსტატის თითოეული ნორმისთვის მოთამაშემ ფიდეს შვეიცარიულ ტურნირში მინიმუმ 2450 რეიტინგის დონეზე უნდა ითამაშოს. გარდა ამისა, შეჯიბრში რამდენიმე წოდებიანი და უცხოელი მოჭადრაკე უნდა იღებდეს მონაწილეობას.

შეუძლია თუ არა ბავშვს საერთაშორისო ოსტატის წოდების მოპოვება?

რა თქმა უნდა, შეუძლია. ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო ოსტატი აბჰიმანუ მიშრაა, რომელმაც წოდება 10 წლის, 9 თვისა და 3 დღის ასაკში მოიპოვა. ის ახლა უკვე დიდოსტატია! უყურე ვიდეოს იმაზე, თუ როგორ გახდა ის დიდოსტატი. მან 17 დღით აჯობა წინა რეკორდსმენს - პრაგნანანდა რამეშბაბუს, რომელიც ამჟამად, ასევე, დიდოსტატის წოდებას ფლობს. (ის მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატია ისტორიაში). 

2019 წელს, 11 წლის ასაკში, ChessKid-ელი კარისა იპი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, რომელმაც საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა. ეს ტიტული მას ფიდემ 2020 წლის თებერვალში მიანიჭა. კარისას 10 წლის ასაკში დიდოსტატი ჰყავს დამარცხებული, ახლა კი, უკვე თავადაა დიდოსტატი ქალთა შორის. 2021 წელს ის გახდა აშშ-ს ჩემპიონი ქალთა შორის. წაიკითხე მისი მიღწევების შესახებ სტატიაში - “კარისა იპი: ყველაზე ახალგაზრდა ოსტატი ქალი”. ChessKid-ზე თავის სტატიებსა და ვიდეოებში ის Magician4MA-ის სახელითაა ცნობილი.

Tanitoluwa (Tani) Adewumi
ტანი ადევუმი უფრო და უფრო მეტ თასს იგებს და უმაღლესი საჭადრაკო ტიტულებისკენ მიიწევს.

კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავია ტანიტოლუვა (ტანი) ადევუმი, რომელმაც ეროვნული ოსტატის წოდება 10 წლისამ მოიპოვა. მართალია, ეს ტიტული ჩამოუვარდება საერთაშორისო ოსტატობას, მაგრამ ბიჭი სულ წინ და წინ მიიწევს. ტანი რეგულარულად თამაშობს ChessKid-ზე. ნახე როგორ ცდილობს მხიარულების ოსტატი მაიკი მის დამარცხებას ამ ვიდეოში. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ტანი საერთაშორისო ოსტატის წოდების მოპოვებას და უფრო დიდი მიზნების მიღწევას. შეგვიძლია მის პროგრესს ChessKid-ის სტატიებში დავაკვირდეთ. მანამდე კი, წავიკითხოთ მისი მიღწევების შესახებ სტატიაში “ტანი ჭადრაკის ოსტატია”.

FunMasterMike plays against the Tani bot
როგორ ფიქრობ, შეგიძლია ტანის დამარცხება? უყურე ვიდეოს (ბმული მოცემულია ზემოთ) და ნახავ რა შედეგით დაასრულებს მასთან თამაშს მხიარულების ოსტატი მაიკი.

არიან ChessKid-ზე საერთაშორისო ოსტატები?

საერთაშორისო ოსტატები ChessKid-ის წოდებიან მოჭადრაკეთა შორის არიან. შეგიძლია ნახო ChessKid-ის საერთაშორისო ოსტატების სია. ტიტულოვანი მოთამაშეების იდენტიფიცირება ონლაინ სივრცეში ადვილია, რადგან მათი სახელების გვერდით, როგორც წესი, წოდებებიც მითითებულია. ChessKid-ზე ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ოსტატია დენი რენჩი (ცნობილი, როგორც Poppa Bear). ის ჩვენთვის სტატიებს წერს და ვიდეოებს ამზადებს. იხილე მისი ვიდეო სახელწოდებით - “როგორ ვამოქმედოთ ფიგურები შეთანხმებულად?” 

IM Danny Rensch
დენი რენჩი (ცნობილი, როგორც Poppa Bear) ცნობილი საერთაშორისო ოსტატია ChessKid-ზე.

ბოლოთქმა

ახლა უკვე იცი თუ რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოსტატის წოდება. გაეცანი და ისიამოვნე სტატიებით და ვიდეოებით, რომლებიც საერთაშორისო ოსტატებმა და სხვა ტიტულოვანმა მოთამაშეებმა მოამზადეს. ავტორებს შორისაა Poppa Bear-იც (ანუ საერთაშორისო ოსტატი დენი რენჩი). იმედია, მიღებული ცოდნა საჭადრაკო ტიტულის მოპოვების გზაზე შენთვის ნამდვილ შთაგონებად იქცევა.

ვიდეო საერთაშორისო ოსტატის წოდებაზე