მართალია, საჭადრაკო მატჩის დროს გამარჯვებულის გამოვლენა აუცილებელია, რისთვისაც ხშირად გადათამაშებები იმართება, მაგრამ ცალკეული პარტიის ყაიმით დასრულება შესაძლებელია. მოდით გავიგოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი.
ნებისმიერი საჭადრაკო პარტია შესაძლოა ყაიმით დასრულდეს.
პარტია ზოგჯერ ყაიმით სრულდება. გამოდის, რომ ვერცერთი მხარე ვერ იგებს. ყაიმი საჭადრაკო ტერმინია, რომელიც თანაბარი შედეგის აღსანიშნად გამოიყენება.
ტურნირებზე ყაიმი ნახევარ ქულას ნიშნავს, მოგება - ერთს, წაგება კი - ნულს. საჭადრაკო ნოტაციაში ყაიმი ტოლობის ნიშნით (=) იწერება.
ცოცხალი თამაშის დროს ყაიმს, როგორც წესი, სთავაზობენ ან ითხოვენ. ონლაინ-თამაშის დროს ყაიმი შესაძლოა ავტომატურად დაფიქსირდეს.
ჭადრაკის თამაშის ცოდნა უფრო მეტია, ვიდრე ფიგურების მოძრაობის წესების ცოდნა. ყაიმის გაკეთების ცოდნაც მნიშვნელოვანია.
საჭადრაკო პარტიის გასაყაიმებლად ხუთი ხერხი არსებობს. მოდით, გავიგოთ რა და რა.
მოჭადრაკეები ხშირად თანხმდებიან ყაიმზე. ორმხრივი შეთანხმებისთვის საჭიროა, რომ ერთმა მოთამაშემ შეთავაზება გააკეთოს, მეორემ კი - თანხმობა მისცეს. თუ მეორე უარს ამბობს ან თამაშს აგრძელებს, ყაიმი არ ფიქსირდება. ოპონენტისთვის ყაიმის შესათავაზებლად ჯერ სვლა უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი - შეთავაზება ზეპირად წარმოვთქვათ. თუ ჭადრაკის საათით თამაშობ, ყაიმი შენ დროზე უნდა შესთავაზო. ღილაკს იქამდე არ უნდა დააჭირო ხელი, სანამ მეტოქეს წინადადებით არ მიმართავ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ოპონენტის დროს იყენებ. ოპონენტმა პასუხი სვლის გაკეთებამდე უნდა გითხრას. (იმის გასაგებად, თუ როგორ მოძრაობენ საჭადრაკო ფიგურები, წაიკითხე სტატია“როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი”). ზოგიერთ ტურნირზე ყაიმზე ორმხრივ შეთანხმებამდე მინიმალური სვლების (20 ან 30) გათამაშება მოითხოვება.
ხანდახან ბრძენი ბაბუა დამწყებ შვილიშვილს მოგებულ პარტიაში ყაიმზე თანხმდება.
ყაიმის ნაადრევი შეთავაზება ან ყაიმზე ნაადრევი თანხმობა სასურველი არაა. იქნებ შენმა მოწინააღმდეგემ ფიგურა დასვას და პარტია მოიგო. დამწყებმა მოჭადრაკემ ადრეულ ფრეზე უარი იმიტომაც უნდა თქვას, რომ ხანგრძლივი პარტიის თამაშით საჭადრაკო უნარები გაიუმჯობესოს და გამოცდილება მიიღოს. ყაიმის გაფორმება მისთვის პარტიის ბოლოს, აშკარად თანაბარ პოზიციაშია რეკომენდებული.
თუ მოგებულ პოზიციაში მეტოქე ყაიმს გთავაზობს, უარი უნდა უთხრა და თამაში იქამდე უნდა გააგრძელო, სანამ არ გაიმარჯვებ.
თუ ჭადრაკის დაფაზე იდენტური პოზიცია სამჯერ განმეორდა, მოთამაშეს ყაიმის მოთხოვნის უფლება ეძლევა. ამ დროს ყველა შესაძლო სვლა ერთი და იგივე უნდა იყოს. თუ, მაგალითად, გავლით აყვანა შესაძლებელი იყო, თუმცა შემდეგ ეს შესაძლებლობა გაქრა, პოზიცია იდენტურად არ ითვლება. ზოგიერთი ტურნირი ამ წესს ხუთმაგ გამეორებამდე ზრდის.
ამ ტიპის ყაიმი მოჭადრაკეებში ხშირად გაოცებას იწვევს, რადგან ონლაინ-თამაშის დროს სიფრთხილეს არ იჩენენ ხოლმე და მოულოდნელად პოზიციის გამეორებას აწყდებიან. სამმაგი განმეორებით ავტომატური ყაიმი მხოლოდ ონლაინ თამაშში ფიქსირდება. ცოცხალ პარტიაში მოჭადრაკემ ყაიმი უნდა მოითხოვოს. თუ განმეორების დროს ასე არ მოიქცევა, ამ უფლებას დაკარგავს. მოგვიანებით იგივე შანსი კვლავ შეიძლება გაჩნდეს. ასეთი ყაიმი ხშირად მაშინ დგება, როდესაც მოთამაშეს წაგებული პოზიცია აქვს და პარტიის გადასარჩენად მუდმივ ქიშს პოულობს.
ცოცხალ პარტიაში პოზიციის განმეორების დასამოწმებლად ნოტაციის ბლანკი გამოიყენება. ChessKid-ზე გათამაშებულ პარტიებში სვლებისთვის თვალყურის მიდევნება პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი იწერება და პოზიციის განმეორების შემთხვევაში შეტყობინება მოგდის, რის შემდეგაც ავტომატური ყაიმი ფორმდება.
ChessKid-ზე გათამაშებული პარტია სამმაგი განმეორების დროს ავტომატურად სრულდება ყაიმით.
პატი ყაიმის ერთ-ერთი სახეა, რომელიც, ასევე, ხშირად იწვევს მოჭადრაკის გაოცებას. ეს მაშინ ხდება, როცა მოთამაშე სიფრთხილეს არ იჩენს და მეტოქეს ლეგალური სვლის გაკეთების საშუალებას უსპობს.
ქვემოთ ნაჩვენები პოზიცია მაგალითია პატისა, რომელიც ბოლოში მოცემულ ვიდეოშია ახსნილი. დაფაზე თეთრების სვლაა, თუმცა თეთრ მეფეს h1 უჯრიდან წასვლა არ შეუძლია, რადგან შავი პაიკი, რომელსაც კუ იცავს, g1-ს აკონტროლებს, d2-ზე მყოფი ეტლი კი, მეტოქეს მეორე ჰორიზონტალზე მისვლის საშუალებას არ აძლევს. (იცი როგორ აღინიშნება უჯრები ჭადრაკის დაფაზე? გაიგე მეტი სტატიიდან "როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი"). ეს პარტია პატით, ანუ ყაიმით სრულდება, რადგან თეთრი მეფე ვერ დადის და ქიშიც არ აქვს.
რატომ დასრულდება ეს პარტია ყაიმით თუ სვლა თეთრებისაა? უკეთ გასარკვევად ბოლოში მოცემულ ვიდეოს უყურე.
შამათის ჩასასმელად მოთამაშემ მეტოქის მეფეს ქიში უნდა უთხრას და მუქარისგან თავის არიდების გზები მოუჭრას. მხოლოდ მეფით, კუთი ან მხედრით პარტიის მოგება, როგორც წესი, რთულია, თუმცა მარტოხელა პაიკით ეს შესაძლებელია. მას ყოველთვის აქვს შანსი გადაიქცეს რაიმე ფიგურად და შამათი ჩასვას.
პაიკის ყოლას შეუძლია არასაკმარისი მატერიალის გამო გაყაიმება თავიდან აგვარიდოს, რადგან მას მნიშვნელოვან ფიგურად ქცევის პოტენციალი აქვს.
ქვემოთ ნაჩვენები პოზიცია მაგალითია იმგვარი ყაიმისა, რომელიც ბოლოში მოცემულ ვიდეოშია ახსნილი. ამ პოზიციაში ვერავინ მოიგებს, რადგან შამათის ჩასასმელად საკმარისი მატერიალი არცერთ მხარეს არ ჰყავს. ეს ფრეა.
ამ პარტიის მოგებას ვერც თეთრები შეძლებენ და ვერც შავები.
ამ ვითარებაში, რომელსაც მკვდარი პოზიცია ჰქვია, შამათის ჩასმას ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს. ფიგურათა ამგვარი კომბინაცია, როგორც წესი, ყაიმის საწინდარია:
დროის კონტროლით გათამაშებულ პარტიაში ყაიმი ფიქსირდება, თუ ერთ-ერთ მოთამაშეს დრო ამოეწურება, მეორეს კი, შამათის ჩასასმელად არასაკმარისი მატერიალი ჰყავს.
მართალია, კუს რვა სხვადასხვა უჯრაზე წასვლა შეუძლია, მაგრამ შამათს მარტო ვერ ჩასვამს.
შენს მოწინააღმდეგეს მატერიალური უპირატესობაც რომ ჰქონდეს, პარტიის ბოლოს შამათის ჩასმა შესაძლოა არ იცოდეს. ასეთ დროს ის სვლების გაკეთებას აგრძელებენ და აგრძელებენ, შენ კი, ფხიზლად უნდა იყო და 50 სვლის წესით ყაიმი უნდა მოითხოვო.
ყაიმი ყველაზე ხშირად 50 სვლის წესით დგება. თუ 50 სვლის მანძილზე ვერცერთი მოთამაშე ვერ გაიყვანს პაიკს ან ვერ აიყვანს ფიგურას, პარტია ფრედ სრულდება. ყაიმის შეთავაზება ნებისმიერ მოჭადრაკეს შეუძლია, ოღონდ თავის სვლაზე. (წარმოიდგინე, რა მოსაწყენი იქნებოდა თამაში ამ წესის გარეშე.) 50 სვლის წესით ყაიმის ასარიდებლად საბაზისო საშამათო მოდელები კარგად უნდა იცოდე. (წაიკითხე სტატია “საბაზისო შამათები” და გადადი იქვე არსებულ ვიდეო-სერიების ბმულებზე.) ზოგიერთი ტურნირი ამ წესს 75 სვლამდე ზრდის.
ცოცხალ ტურნირზე ყაიმის გასაფორმებლად საჭირო მოცემულობა აუცილებლად უნდა დადასტურდეს, ამიტომ საჭადრაკო ბლანკი, რომელშიც გათამაშებული სვლები წერია, ამ მხრივ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ChessKid-ზე ნათამაშევ პარტიაში სვლები თავისთავად იწერება და 50 სვლის წესის დაფიქსირების შემთხვევაში, შეტყობინება ირთვება. ასეთ დროს, ისევე, როგორც სამმაგი გამეორების შემთხვევაში, პარტია ავტომატურად სრულდება ყაიმით.
მოცემულ პოზიციას დააკვირდი. ფიქრობ, რომ შავებს თვალშისაცემი უპირატესობა აქვთ და თეთრები უნდა დანებდნენ? მთლად ასე არაა საქმე. მართალია, შავებს ორი ეტლი და კუ ჰყავთ ზედმეტი, მაგრამ მათი გამოყენება რთულია, თუ თეთრები პოტენციურ აყვანებს თავიდან აიცილებენ. თუ ისინი ფრთხილად ითამაშებენ, პარტია 50 სვლის წესით ყაიმით დასრულდება, რადგან ყველა პაიკი დაბლოკილია და წინ ვერ მიდის. სიტუაციის უკეთ აღსაქმელად უყურე ვიდეოს, რომელიც ბოლოშია მოცემული.
თეთრებმა ფრთხილად უნდა ითამაშონ, რათა 50 სვლის წესით პარტიის ყაიმით დასრულება შეძლონ.
რამდენად ხშირად აკეთებენ ყაიმს მოყვარული მოჭადრაკეები? პატი, რომელსაც წესით თავიდან უნდა ვირიდებდეთ (თუ, რა თქმა უნდა, ის წაგებისგან არ გვიცავს) და არასაკმარისი მატერიალით ყაიმი იმდენად ხშირია, რომ დაჯერებაც რთულია. ტოპ-მოჭადრაკეებს შორის ყაიმი კიდევ უფრო ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა სულ სხვა მიზეზის გამო. დიდოსტატების დონეზე პარტიები ფრედ იმიტომ სრულდება ხოლმე, რომ არცერთ მოთამაშეს არ ჰგონია, რომ მოგება მარტივია.
ყველაზე მნიშვნელოვანი საჭადრაკო მატჩი ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატია. 2021 წელს დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა ტიტული იან ნეპომნიაშის დამარცხებით დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი 14 პარტიად უნდა ჩატარებულიყო, რეგულაციაში ეწერა, რომ პირველი მოჭადრაკე, რომელიც 7½ ქულას მოიპოვებდა, ჩემპიონატს მოიგებდა. 11 შეხვედრის შემდეგ კარლსენი გამარჯვებულად გამოცხადდა, მაგრამ რამდენი პარტია მოიგო მან სინამდვილეში? მხოლოდ ოთხი. შვიდი შეხვედრა კი, ყაიმით დაასრულა. იხილე შედეგები მოცემულ ცხრილში.
2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული 11 პარტიიდან 7 ყაიმით დასრულდა.
უძლიერესი მოჭადრაკეები ყაიმზე ხშირად თანხმდებიან. პრინციპში, ამ დონეზე გათამაშებული პარტიების ნახევარი ფრედ სრულდება.
ახლა უკვე იცი თუ რა არის ყაიმი და როგორ დგება საყაიმო პოზიციები. შენი, როგორც მოთამაშის მიზანი, ყოველთვის გამარჯვებაა. ყაიმზე მხოლოდ მაშინ უნდა დათანხმდე, თუ ეს უპირატესობას განიჭებს, მოგებულ პარტიებში კი ფრე თავიდან უნდა აირიდო.